1997 წლის დიდ მარხვაში სასიხარულო მოვლენად იქცა ბ-ნ გიორგი (გოგი) ხარაბაძის მიერ სახარება ოთხთავის კითხვა ტელევიზიის საშუალებით. აღსანიშნავია, რომ საერთოდ ვნების კვირეულში ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში იკითხება წმ. მოციქულთა – მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანე ღვთისმეტყველის სახარება და სახარების კითხვაც ტელევიზიით სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა.

ეს იყო პირველი შემთხვევა ხალხის ფართო მასებისთვის მახარებელთა წიგნების ამ სახით მიწოდებისა და ამ დიდ სიწმიდესთან ერის ზიარებისა. გადაცემები იყო იმდენად შთამბეჭდავი, რომ მრავალს აღეძრა სურვილი წმიდა წერილის ღრმად შესწავლისა, სულიერ სამყაროსთან მიახლებისა.

ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, დაწესებულებებში იგი გავრცელდება კასეტების სახით. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ახალგაზრდების, საერთოდ ყველა დაინტერესებული ადამიანის, სულიერ წინსვლას.

მე მინდა დავლოცო ბატონი გიორგი-გოგი ხარაბაძე, ტელევიზიის თანამშრომლები და ყველა ის ადამიანი, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ამ დიდი საქმის განხორციელებაში. „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ბატონი გოგი ხარაბაძის შრომაში არის არა მხოლოდ მადლის მოპოვება, არამედ მადლის გავრცობა, მადლის მოფენა. ასეთი ბედი ჰქონია ბატონ გოგის და ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს იგი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ეს გამოცემა, თითქოს, შემაჯამებელს დაემსგავსა. თუმცა, ღმერთია მოწმე, ამაზე არ მიფიქრია. მასში თავმოყრილია თითქმის ყველაფერი, რითაც აქამდე ვარსებობდი, რაც ძალას მაძლევდა, რამაც გადამარჩინა და სიცოცხლე გამიხანგრძლივა.... ქართული სიტყვის, ნააზრევისა და პოეზიის შედევრები - თუ მათგან გამაცალკევებთ, ჩემგან არაფერი დარჩება. უფრო მეტიც, ჩემი ქვეყანა რომ ჰქვია, იმისგანაც არაფერი დარჩება, ასე მგონია...

გოგი ხარაბაძე

მე ვფიქრობ, ტელედადგმებით, რომლებმაც სერიოზული როლი ითამაშეს ჩვენი საზოგადოების გაღვიძებაში, ახალგაზრდების აღზრდაში, დაიწყო გოგი ხარაბაძის საზოგადო მოღვაწეობა და აქცია ტელევიზიით ქადაგებისა. ეს საქმიანობა გამოდის სამსახიობო პროფესიის ფარგლებიდან და უახლოვდება პუბლიცისტის ღვაწლს.

ოთარ იოსელიანი

გოგი ხარაბაძე, ჩემი აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა თეატრალურ სამყაროში, და რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ეტაპზე, მწერალი ხარაბაძეც თეატრიდანაა მოვლენილი. თეტრმა, აშკარად, ბევრი მწერლობისთვის აუცილებელი ისეთი თვისება განუვითარა, რის გარეშეც ნებისმიერი ლიტერატურული ცდა, ლიტერატურულ ცდად დარჩებოდა მხოლოდ.

ისიც უნდა ვთქვა, რომ მისი ამგვარი ფერიცვალება, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. გაუნელებელი ინტერესი, დაუოკებელი სწრაფვა მწერლობისაკენ – გაიხსენეთ, თუნდაც, მის მიერ წაკითხული კლდიაშვილი, მის აკი დამთავრდა კიდეც ანუ ბევრისათვის მოულოდნელად, ერთ მშვენიერ დღეს, მსახიობი – ხარაბაძე, მწერალ – ხარაბაძედ მოგვევლინა. რაც, ვიმეორებ, მეტად ლოგიკურ და მისასალმებელ ფაქტად მიმაჩნია, პირადად მე.

გოგი ხარაბაძე პოეტური ბუნებისა და ლიტერატურის მოყვარული მსახიობი კი არ არის მხოლოდ, არამედ ორი მუზის ქვეშევრდომია, ორი შემოქმედებითი სტიქიის მატარებელია საკუთარ არსებაში. მსახიობიცაა და მწერალიც და გულახდილად რომ ვთქვა, ჩემთვის ორივე ერთნაირად საინტერესოა და ძვირფასი.

ვულოცავ რა, დაბადების დღეს, ვუსურვებ კიდევ დიდხანს და კვლავაც ასეთი წარმატებით, ანუ გაუნელებელი ტანჯვითა და გაუსაზღვრელი სიყვარულით ემსახუროს, ორივე –ერთნაირად დიდებული – ბატონისთვის!

ოთარ ჭილაძე

..როცა მეგობარი ახალ, დიდ სიმაღლეებს იპყრობს, ნელ-ნელა გშორდება, მიდის შენგან, როგორც უცხოს ისე უწყებ ყურებას, შეფასებას...ასე დამემართა გოგისთან დაკავშირებით. გოგი ხარაბაძე თეატრიდან წავიდა, მაგრამ არ გაჩერებულა. ბიბლიისა და ქართული ლიტერატურის საგანძურის აუდიო ვერსია შექმნა, საოცარი რამ გვაჩუქა, რაც სულიერად გვამაღლებს და გვამდიდრებს.... მე მან გამაოცა, შორიდან მართლა უკეთ გამოჩნდა მისი შექმნილის მნიშვნელოვნება..

გოგი ქავთარაძე

სულიერად და ხორციელად კეთილაღნაგი კაცისა უნდა ვთქვა, – გოგი ხარაბაძისა. კეთილაღნაგობა მხოლოდ პოტენცია იყო, ჩანასახი, რასაც განვითარება, სრულყოფამდე აყვანა სჭირდებოდა. ნეტავ, რა დედამა თუ აღმზრდელმა გამოკვერა უზადო მამულიშვილად. დიახ, მამულიშვილად, რაც თავისთავად საკუთარი ყოველგვარი შესაძლებლობებისა, ნიჭისა და უნართა ჯამის სამშობლოს, მშობლიური ერის უნარჩენო სამსახურში ჩაყენებასა და უანგარო მსახურებას ნიშნავს.

ასეთი იყო გოგი ხარაბაძე სამსახიობო ასპარეზზე, ასეთი იყო მაშინაც, როცა ქართველობაში ქრისტეს მოძღვრების სატელევიზიო ქადაგება სიყვარულით განახორციელა და ასეთია ახლაც, ქართული სულიერების სადისკეტო ჩანაწერების საშუალებით რომ მიმართა ქართველთა ეროვნულ სულს.

არ ვიცი, ვისი რა დარჩება მომავალ თაობათათვის, მაგრამ ჩემთვის სრულიად უდავო და ნათელია, რომ ეს, სანოს სტუდიაში ჩანაწერების სადისკეტო ტირაჟი საუკუნეებს გაუძლებს და უმაღლეს მამულიშვილურ გადაძახილად მოევლინება მომავალს. რასაც ვერ გავწვდი – სხვამ ბრძანოს. გმადლობ, გოგი!

ჭაბუა ამირეჯიბი